ესპანური მედია ე.წ. სომხური მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე წერს
ესპანური მედია ე.წ. სომხური მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე წერს. გამოცემა Levante-ს ცნობით, 26 ივნისს გამთენიისას ჩატარებული ოპერაციის შედეგად სულ 142 ადამიანი დააკავეს.
ისინი ესპანეთში მოქმედი ექვსი სხვადასხვა დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც ვალენსიასა და ალიკანტეში მოქმედებდნენ.
„კარის საკეტის გატეხვის ოსტატები, სუტენიორები, რომლებსაც რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და ყაზახეთიდან ქალები ევროპაში ჩაჰყავდათ, სპორტული მატჩების მანიპულატორები, ძვირფასეულობის ექსპერტები, მარიხუანას კულტივაციაში ჩართული პირები. ეს ჩამონათვალი დაუსრულებელია. ყველა მათგანი ე.წ. კანონიერ ქურდებს ემორჩილებოდა და ფულს უხდიდა” – წერს ესპანური Levante.
გამოცემის ინფორმაციით, კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში კატალონიისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის 1000 ოფიცერი მონაწილეობდა. მხოლოდ ვალენსიაში სამართალდამცველებმა სამი პისტოლეტი და ერთი თოფი ამოიღეს. ნაპოვნია 500 ძირი მარიხუანა, რომელიც საგანგებოდ მოწყობილ სარდაფში მოჰყავდათ, ასევე ოქროსა და სხვა ძვირფასი მეტალისგან დამზადებული ხელნაკეთი სამკაული და დიდი რაოდენობით ფული.
ვალენსიაში დააკავეს 29 პირი, ხოლო ალიკანტეში 32. დანარჩენები პოლიციამ მადრიდში, ბარსელონასა და ალბასეტეში აიყვანა. მათ შორის არის ესპანელი, რომელიც ჩოგბურთის გარიგებული მატჩებით თვეში 25 000 ევროს იღებდა და რუსი ჩოგბურთელი, რომელიც მანიპულაციებში მონაწილეობდა.
გამოძიების ცნობით, დაკავებულია ორი ე.წ. კანონიერი ქურდი – 35 წლის სომეხი ერიკ ჯაგანიანი და საქართველოს მოქალაქე არტაკ ოჰანიანი.
პოლიციის ცნობით, ჯაგანიანთან ერთად დააკავეს მისი პირადი მცველი და მეუღლე. ანალოგიურად ოჰანიანის დაპატიმრების დროს აიყვანეს მისი დაცვის წევრებიც.
ყველა დაპატიმრებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.