ესპანური კომპანია REPSOL-ი მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასების ანგარიშს და მათი ათვისების რეკომენდაციებს შეიმუშავებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია REPSOL-ს შორის დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი, ხოლო ესპანური კომპანიის მხრიდან REPSOL-ის გლობალური ახალი მიმართულებების დირექტორი მიქელ ერქუიგა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, კომპანია REPSOL-ი, მის ხელთ არსებული მასალების შესწავლისა და გადამუშავების შედეგად, მოამზადებს და სახელმწიფოს გადასცემს მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასების ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი შემდგომი ათვისებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები REPSOL- ის მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან.
მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს, 10:00 საათზე გაფორმდება.