ესპანეთში რეპერ პაბლო ჰასელის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
ესპანეთში რეპერ პაბლო ჰასელის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ესპანეთში რეპერ პაბლო ჰასელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რეპერის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ბარსელონაში, ვალენსიაში, ჟირონასა და რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პოლიციამ რეპერი ლერიდას უნივერსიტეტში დააკავა, რომელსაც მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად თავს აფარებდა.

მომღერალი 2018 წელს დამნაშავედ ცნეს სიმღერის ტექსტებში და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აკრძალული დაჯგუფებების ქებისა და სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჰასელი სასამართლოს ნაცისტურს უწოდებდა, ხოლო ყოფილ მეფეს, ხუან კარლოსს – მაფიის ბოსს.

პაბლო ჰასელის მომხრეები მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. რეპერის მხარდამჭერ პეტიციას 200-ზე მეტმა ხელოვანმა მოაწერა ხელი, მათ შორის რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა და მსახიობმა ხავიერ ბარდემმა.