ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის, „კუში 3“-ის შედეგად, ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ესპანეთის ქალაქ მარბეიაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს, მათ შორის ორი ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტია“: 1978 წელს დაბადებული დ.ქ. (იგივე ი.ფ.) და 1989 წელს დაბადებული ლ.ბ. ( მეტსახელად „ჭია“).
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე, 390-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დოკუმენტების გაყალბებას, კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და მკვლელობის მცდელობის მიზნით შეთქმულებას გულისხმობს“, – განაცხადა ბორცვაძემ.
როგორც მან განმარტა, დაკავებული ქართველები ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდებიან.
ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ინტენსიურ თანამშრომლობას,
„ასევე, სამინისტრო განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.