ესპანეთში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 89 წლის ქალი დაიღუპა, 18 ბენეფიციარი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძარი ქალაქ სევილიაში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის მესამე სართულზე გაჩნდა. სევილიის საგანგებო სამსახურის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „როიტერი“ წერს, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარების ნაწილი მეზობლებმა შეიფარეს, ნაწილი კი ღამის გასათევად სპორტულ ცენტრში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.