ესპანეთის სანაპიროსთან 626 აფრიკელი მიგრანტი გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენელი ავრცელებს.
ბოლო პერიოდში, იტალიის მიერ ლტოლვილებისთვის პორტების ჩაკეტვისა და ლიბიის ხელისუფლების მიერ გამკაცრებული ზომების გამო, მიგრანტების დიდი ნაწილი ალჟირში ან მაროკოში მიემგზავრება, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის გავლით, ესპანეთში ჩადის.
თავის მხრივ, მაროკოს ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩრდილოეთ სანაპირო რაიონებიდან ასობით მიგრანტი ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში გადაიყვანა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მაროკოს ხელისუფლების ზომები მიმართულია იმისკენ, რომ მიგრანტებმა ევროპაში მოხვედრა ვერ შეძლონ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ესპანეთში მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაზრდილია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 28 ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, იტალიაში – 18 100, ხოლო საბერძნეთში – 15 500.
ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, 2018 წელს ევროპისკენ ხმელთაშუა ზღვით მიმავალი ყოველი 18 მიგრანტიდან ერთი დაიღუპა. გაერო-ს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით 1 600 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ პერიოდში ევროპაში ამ გზით 68 ათასი მიგრანტი ჩავიდა.