ესპანეთის პროკურატურა შაკირას საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს
ესპანეთის პროკურატურა პოპ-ვარსკვლავ შაკირას საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ესპანეთის პროკურატურა იუწყება, კოლუმბიელმა მომღერალმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 14,5 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადს თავი აარიდა.
ესპანეთის საგადასახადო ორგანოებში იუწყებიან, რომ პოპ-ვარსკვლავს ოფიციალურ საცხოვრებელ ადგილად ბაჰამის კუნძულები ჰქონდა მითითებული, მაშინ როდესაც რეალურად მეუღლესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობდა და გადასახადებს არ იხდიდა.
2012-2014 წლებში, საერთო ჯამში მან 14,5 მილიონი ევრო არ გადაიხადა. აღნიშნულ თანხას კი ემატება პროცენტი. შედეგად კოლუმბიელ მომღერალს 20 მილიონ ევრომდე თანხის გადახდას ედავებიან.
ახლა საგამოძიებო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ შაკირას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყოს.