ესპანეთის პრემიერმა ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილებას „რელიგიური თავისუფლების გაუმართლებელი ხელყოფა“ უწოდა, რასაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომელმაც იერუსალიმის ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში ბზობის წირვაზე დასწრება შეუზღუდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სანჩესმა განაცხადა, რომ ეს „რელიგიური თავისუფლების გაუმართლებელი ხელყოფაა“. ესპანეთის პრემიერ-მონისტრის თქმით, ისრაელმა რწმენის მრავალფეროვნება და საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას.
„ტოლერანტობის გარეშე თანაცხოვრება შეუძლებელია“, – წერს სანჩესი.
პედრო სანჩესს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა უპასუხა. საარმა სოციალურ ქსელში გააზიარა 16 მარტით დათარიღებული ირანული სარაკეტო თავდასხმის ამსახველი ფოტო, როდესაც ნამსხვრევები იერუსალიმის აღდგომის ტაძრის სახურავზე დაეცა.
„როდესაც ირანის სარაკეტო დარტყმა აღდგომის ტაძრის სიახლოვეს განხორციელდა იერუსალიმში, სანჩესს სათქმელი არაფერი ჰქონდა. სანჩესი, რომელიც ესპანელ მოქალაქეებსაც კი არ ულოცავს შობას, არასოდეს უშვებს ხელიდან ისრაელის წინააღმდეგ წაქეზების შესაძლებლობას. ისრაელი რელიგიური თავისუფლებისა და თაყვანისცემის მიმართ ერთგული იყო და ასე დარჩება ირანის რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ღიად უჭერს მხარს სანჩესს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა.