ესპანეთის პრემიერის თქმით, ქვეყანა ტურისტებისთვის საზღვრებს ივლისიდან გახსნის
ესპანეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 48 ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 28 678 ადამიანი გარდაიცვალა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ესპანეთში „კოვიდ-19“ 235 290 ადამიანს დაუდასტურდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ტურისტებისთვის ქვეყანა საზღვრებს ივლისიდან გახსნის. ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ივნისიდან განახლდება საფეხბურთო ჩემპიონატი, თუმცა მატჩები ცარიელ სტადიონებზე გაიმართება.
პარალელურად, ესპანეთის პარტია „ვოქსის“ ათასობით მხარდამჭერმა ეკონომიკაზე საკარანტინო შეზღუდვების გავლენის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა.