ესპანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წინადადებას წარუდგენს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წინადადებას წარუდგენს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო ევროკავშირს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წინადადებას წარუდგენს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ამას გავაკეთებთ არა იმიტომ, რომ რამე საწინააღმდეგო გვაქვს, პირიქით, ჩვენ ისრაელის ხალხის მიმართ მეგობრულად ვართ განწყობილი, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით მათი მთავრობის ქმედებებს. მთავრობა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს, ვერ იქნება ევროკავშირის პარტნიორი“, – განაცხადა სანჩესმა.

მისივე თქმით, ესპანეთი თავის წინადადებას 21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგენს. სანჩესმა მოუწოდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ესპანეთის წინადადებას.

სანჩესმა ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ისრაელისა და აშშ-ის ქმედებებს ირანის წინააღმდეგ და მათ „უზარმაზარ შეცდომად“ მიიჩნევს, რადგან ეს იწვევს დიდ დანაკარგებს, მილიონობით იძულებით გადაადგილებულ ადამიანს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს.

ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმება 1995 წელს გაფორმდა და ის არეგულირებს მხარეებს შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას.