ესპანეთის პოლიცია - სარაგოსაში „ქართული მაფიის“ წევრები დააკავეს [ფოტო/ვიდეო]

ესპანეთში 40 სახლის გაქურდვაში ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ცნობით, სულ დაპატიმრებულია სამი ადამიანი. ისინი სარაგოსაში ათეულობით სახლის გაქურდვაში დაადანაშაულეს.

ეჭვმიტანილები ესპანეთში ისრაელელი სტუდენტების საბუთებით ჩავიდნენ და რამდენიმე კვირის განმავლობაში 40-ზე მეტ სახლში შეღწევა მოახერხეს. პოლიციის ინფორმაციით, ისინი კარგად იყვნენ ორგანიზებულები და დანაშაულს წინასწარ გეგმავდნენ. ყველა შემთხვევაში ქურდობის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი რაოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, რომლებიც კონსერვის თუნუქის ქილებში ინახებოდა, ასევე 9 000 ევრო ნაღდი ფული და კარის საკეტის გასატეხი ხელნაკეთი საშუალებები.

სარაგოსას პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები „ქართული მაფიის“ წევრები არიან, რომლებიც „კანონიერ ქურდებს“ ემორჩილებიან და მოპარული ნივთების გაყიდვიდან მიღებულ თანხას კრიმინალური სინდიკატის სხვა წევრებსაც უნაწილებენ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მას ფული ბარსელონაში მიჰქონდა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია სახელწოდებით „შალომ“ წარმატებული იყო, რადგან სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ამოღება და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დროულად დაკავება შეძლეს, რადგან გამოძიების ცნობით, ბრალდებულები სარაგოსაში ზაფხულის სეზონზე კიდევ არაერთ ქურდობას გეგმავდნენ.

სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად ქურდობა და დოკუმენტების გაყალბება ედებათ.