ესპანეთის პირველი დიპლომატი - კატალონიის მოვლენების დროს „საეჭვო ინტერნეტ ტრაფიკთან“ მოსკოვის კავშირის მტკიცებულება არ მოიძებნა
ესპანეთის პირველი დიპლომატი - კატალონიის მოვლენების დროს „საეჭვო ინტერნეტ ტრაფიკთან“ მოსკოვის კავშირის მტკიცებულება არ მოიძებნა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალფონსო დასტისის თქმით, კატალონიაში განვითარებული მოვლენების დროს „საეჭვო ინტერნეტ ტრაფიკთან“ მოსკოვის კავშირის არავითარი მტკიცებულება არ მოიძებნა.

„თუმცა ჩვენ ვიცით, საიდან მოდის ეს ტრაფიკი. ის დაკავშირებულია ქსელებთან, რომელთა გავრცელების საწყისი რუსეთშია. ეს მოსაზრება ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასაც გავუზიარეთ“, – აღნიშნავს დასტისი.

მინისტრის თქმით, საეჭვო ტრაფიკის 50% რუსეთიდან მოდიოდა, 30% – ვენესუელიდან. როგორც დასტისი ამბობს, ყველა ინტერნეტ ანგარიშიდან, რომლებიც კატალონიის რეფერენდუმის ფარგლებში აამუშავეს, მხოლოდ 3% იყო ნამდვილი. დანარჩენი ყალბი ექაუნთები დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იყო შექმნილი.

გასული კვირის განმავლობაში არაერთი ესპანური გამოცემა წერდა რამდენიმე რუსული მედიასაშუალების, მათ შორის RT-სა და „სპუტნიკის“ როლზე დეზინფორმაციის გავრცელებაში. ასევე საუბარი იყო რუსი ჰაკერების ჩართულობაზე სეპარატისტულად განწყობილი კატალონიური ძალების საქმიანობაში.

რუსულმა მხარემ, მათ შორის თავად ვლადიმერ პუტინმა ეს ვარაუდები უარყო და კატალონიის კრიზისი ცალსახად ესპანეთის შიდა პოლიტიკურ პრობლემად შეაფასა, რომელიც, პუტინის თქმით, ცენტრალურმა მთავრობამ ესპანეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა გადაწყვიტოს.