ჩინეთში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში, რომლის გამარჯვებული ესპანეთის ეროვნული გუნდი გახდა.
მიუხედავად მოლოდინისა, ფინალურ მატჩში ბრძოლა არ შედგა და ესპანელებმა არგენტინა საკმაოდ კომფორტული ანგარიშით, 95:75 დაამარცხეს.
ევროპელებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს და მას შემდეგ გამარჯვება წამითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ. მაქსიმუმ, რისი გაკეთებაც არგენტინამ შეძლო, პირველ მეოთხედში ანგარიშის ერთ ქულამდე შემცირება იყო (14:13).
გამარჯვებულთაგან საუკეთესო მოთამაშე რიკი რუბიო გახდა, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა, არგენტინელთაგან კი გაბრიელ დეკი, რომელმაც 24 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა.
გარდა ამისა, რიკი რუბიომ, როგორც ფინალის, ასევე მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) პრიზი მოიპოვა.