ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიქტატორ ფრანკოს ნეშტს მავზოლეუმიდან სხვა ადგილას გადაასვენებენ
ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს ნეშტს მავზოლეუმიდან სხვა ადგილას გადაასვენებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხანგრძლივი დებატების შემდეგ გადაწყვეტილება პედრო სანჩესის მემარცხენე მთავრობამ მიიღო.
დიქტატორის ნეშტის გადასვენების საკითხს პარლამენტი უახლოეს დღეებში განიხილავს. ესპანური მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე.
ესპანეთის ვიცე-პრემიერმა კარმენ კალვომ განაცხადა, რომ მავზოლეუმში ფრანკოს საფლავი მისი რეჟიმის პერიოდში დაღუპულთა ხსოვნისადმი უპატივცემულობაა.
ფაშისტური პარტიის „ესპანური ფალანგა“ ლიდერი ფრანსისკო ფრანკო, რომელიც ესპანეთს 36 წლის განმავლობაში მართავდა, მადრიდიდან 60 კილომეტრის დაშორებით მდებარე მავზოლეუმშია დაკრძალული.
დემოკრატიულ ესპანეთში მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ დიქტატორი პატივსაცემ ადგილას იყო დასვენებული.
ფრანკოს დიქტატურის პერიოდში ესპანეთში რეპრესიების შედეგად 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ფრანკოს ბრძანებით არაერთი მწერალი და ხელოვანი დახვრიტეს, მათ შორის ფედერიკო გარსია ლორკა.