ესპანეთის მთავრობა ლგბტ თემის წარმომადგენლებს უნაყოფობის სამკურნალოდ უფასო პროგრამას სთავაზობს
ესპანეთის ახალი სოციალისტური მთავრობა ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და დაუოჯახებელ ქალებს უნაყოფობის სამკურნალოდ უფასო პროგრამას სთავაზობს. უფასო რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამუშავებას ეწინააღმდეგება მემარჯვენე „სახალხო პარტია“, რომელიც ბოლო წლებში ესპანეთის პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენდა.
თანასწორობის მინისტრმა სოლედად მურილიომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეპროდუქციული პროგრამა წერტილს დაუსვამს ქალებისა და ლგბტ თემის დისკრიმინაციას.
„ქალთმოძულეობა ესპანეთში დასრულდა. ლგბტ თემის წარმომადგენელ ქალებს, ისევე როგორც დაუოჯახებელ ქალებს საშუალება მიეცემათ იმკურნალონ და ამის ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.“ – განაცხადა მურილიომ, რომელიც წლების განმავლობაში ფემინისტური მოძრაობის წევრი იყო და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.
ახალი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.