ესპანეთის ახალმა მთავრობამ კატალონიის რეგიონულ მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყო
ესპანეთის ახალმა მთავრობამ კატალონიის რეგიონულ მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყო

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ესპანეთის ახალმა მთავრობამ კატალონიის რეგიონულ მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. აღნიშნული განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მიკრობლოგ Twitter – ში გამოაქვეყნა.

„შვიდი წლის შემდეგ პირველად, მხარეები ერთმანეთს კომისიის ფარგლებში შეხვდნენ. ეს არის ინსტიტუციური და დემოკრატიული დიალოგის დაწყების საწინდარი. ჩვენ კატალონიისთვის გვაქვს პროექტი და ამ მთავრობამ პროექტის რეალობაში გადატანა უკვე დაიწყო“,-წერს პედრო სანჩესი.

მადრიდისა და კატალონიის წარმომადგენლების შეხვედრა ოთხი საათი გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხდა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა იმის აღიარება, რომ ეს განსხვავებები არსებობს, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

კატალონიის წარმომადგენლებს ახალი რეფერენდუმის ჩატარება სურთ, ისინი ესპანეთის მთავრობისგან  პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაცით, ცენტრალური მთავრობა კვლავ უარს აცხადებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, რასაც იმით ხსნის, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს.

მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ სექტემბერსა და ოქტომბერში შეხვდებიან.