„ასოშიეთიდ პრესი“ - რუსულ ბირთვულ საწვავზე აშშ-ისა და ევროპის დამოკიდებულებით ვლადიმერ პუტინი სარგებელს იღებს
რუსულ ბირთვულ საწვავზე აშშ-ისა და ევროპის დამოკიდებულებით ვლადიმერ პუტინი სარგებელს იღებს, – ამ სათაურით „ასოშიეთიდ პრესი“ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები დიდი რაოდენობით ბირთვული საწვავისა და ნაერთების იმპორტს ახორციელებენ რუსეთიდან, რაც მოსკოვს ასობით მილიონი დოლარის უაღრესად საჭირო შემოსავალს აძლევს.
სტატიის მიხედვით, გაყიდვებმა, რომლებიც ლეგალური და არასანქცირებულია, განგაში გამოიწვია ბირთვული გაუვრცელებლობის ექსპერტებისა და ოფიციალური პირების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ იმპორტი ხელს უწყობს მოსკოვის ბირთვული არსენალის განვითარებას და ართულებს მცდელობებს რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობების შესამცირებლად.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ რუსულ ბირთვულ პროდუქტებზე დამოკიდებულება, რომელიც ძირითადად სამოქალაქო რეაქტორების საწვავისთვის გამოიყენება, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ენერგეტიკული დეფიციტის წინაშე დატოვებს, თუ ვლადიმერ პუტინი მიწოდებას შეწყვეტს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოწვევა, სავარაუდოდ, უფრო ინტენსიური გახდება, რადგან ეს ქვეყნები ცდილობენ, გააძლიერონ ემისიებისგან თავისუფალი ელექტროენერგიის წარმოება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
რუსეთმა აშშ-სა და ევროპაში კომპანიებს დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ბირთვული პროდუქტები მიჰყიდა. სტატიის მიხედვით, დასავლეთს არ სურს რუსეთის ბირთვული ექსპორტის შეზღუდვა, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რეაქტორების მუშაობის შენარჩუნებაში.
აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ-ის ატომურ ინდუსტრიას გასულ წელს ურანის დაახლოებით 12 პროცენტი მიაწოდა. 2022 წელს ევროპამ ურანის დაახლოებით 17 პროცენტი მიიღო რუსეთიდან.
სტატიის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კორპორაციამ, „როსატომმა“, რომელიც აცხადებს, რომ ათ ქვეყანაში 33 ახალ რეაქტორს აშენებს, და მისმა შვილობილმა კომპანიებმა გასულ წელს დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებული საქონელი და მასალები გაიტანეს. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ უკრაინელები „როსატომისთვის“ სანქციების დაწესებას ითხოვენ.