„ესოშიეიტიდ პრესი“ - არაბეთის ზღვაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მიერ დაკავებულ გემზე არსებული იარაღი ირანიდან იემენში იგზავნებოდა
„ესოშიეიტიდ პრესი“ - არაბეთის ზღვაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მიერ დაკავებულ გემზე არსებული იარაღი ირანიდან იემენში იგზავნებოდა

არაბეთის ზღვაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მიერ დაკავებულ გემზე არსებული იარაღი ირანიდან იემენში იგზავნებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, დიდი რაოდენობით შეიარაღება მეამბოხე ჰუსიტებისთვის იყო განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სარაკეტო კრეისერმა, „მონტერეიმ“ არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე მცურავი გემი დააკავა. ჩხრეკის შედეგად, გემიდან ჩინური წარმოების ათასობით ავტომატი და რუსული წარმოების ანტისატანკო რაკეტები, ასობით ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანები, ყუმბარმტყორცნები და ოპტიკური სამიზნეები ამოიღეს. გემის ეკიპაჟი დაკითხვის შემდეგ გაუშვეს.

იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომი არ წყდება. ერთმანეთს უპირისპირდებიან მეამბოხე ჰუსიტები და სამთავრობო ძალები. ჰუსიტებს ზურგს ირანი უმაგრებს, ხოლო სამთავრობო ძალებს საუდის არაბეთი. შედეგად, იემენის მოსახლეობის 80 პროცენტი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

2021 წლის 4 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი საუდის არაბეთს იემენში სამხედრო ოპერაციის წარმოებისთვის საჭირო შეიარაღებას აღარ მიჰყიდის.