ესკო - ელექტროენერგიის იმპორტი წელს 20 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტი 59 პროცენტით შემცირდა
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ესკო) აგვისტოს თვის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტმა 119.17 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ექსპორტმა კი 0.08 მლნ კვტ.სთ.
იანვარ-აგვისტოს მონაცემებით კი, იმპორტის მოცულობამ 835.19 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც წინა წლის ამავე თვეების მაჩვენებელზე 20.5 პროცენტით მეტია. ამასთან, ექსპორტის მოცულობა 240.65 მლნ კვტ.სთ იყო, რაც 2018 წლის რვა თვეზე 59.1 პროცენტით ნაკლებია.
ზაფხულის თვეებში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა ექსპორტს პირველად გადააჭარბა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ჰიდროლოგია სახელდება, ანუ შედარებით მცირე ნალექი და, შესაბამისად, ჰესების დაბალი გამომუშავება. ამასთან, ბოლო წლებში ზაფხულის თვეებში განსაკუთრებით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება.