ეს წაგება ყველასთვის დიდი გაკვეთილი უნდა იყოს - ბალკანელი მწვრთნელი საქართველოთი აღტაცებულია #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების საქართველოსთან გამანადგურებელ მარცხზე (0:3) ვრცელი ანალიზი გააკეთა ჯეტონ ბეკირიმ, რომელიც ამ ბალკანურ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მწვრთნელად მიიჩნევა.
ბეკირიმ კომპლიმენტები არ დაიშურა საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო.
„ანალიზს დავიწყებ იმით, რომ მოთამაშეები ძალიან დაღლილები იყვნენ წინა ორ მატჩში ბულგარეთსა და გიბრალტარში მოგზაურობის გამო. წაგების გამართლება არ მინდა, მაგრამ ამდენი მატჩის ჩატარება სეზონის ბოლოს ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება თავად მატჩს, ყოველთვის ურთულესია, როცა ფავორიტი ხარ და რაღაცნაირად უნდა გაამართლო ეს როლი – მით უფრო რთულია მაში, როცა გყავს ძლიერი და თავდაჯერებული მეტოქე. განსაკუთრებით ბულგარეთთან დამაჯერებლად გამარჯვების შემდეგ.
ქართველები კარგ პოზიციაში იყვნენ. პირველ ტაიმში ქულა ძალიან აწყობდათ. ბურთის ფლობა და ინიციატივა პირველ ნაწილში კართან ბოლო 20 მეტრამდე გვქონდა, მაგრამ იქ გვაკლდა სიახლე, ინდივიდუალური სვლა ან უკეთესი იდეა, თამაში ხარისხიანი დარტყმით რომ დასრულებულიყო. თუმცა საბოლოოდ, მეორე ტაიმში შესანიშნავი თამაშის წყალობით ქართველებმა სამი ქულა აიღეს. ასეთი მეტოქე კონტრშეტევებზე ყოველთვის საშიშია და სიფრთხილეა საჭირო. სამი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. უბრალოდ, როგორც გუნდი ძალიან ცუდად ვთამაშობდით დაცვაში და საქართველომ იცოდა, როგორ დავესაჯეთ.
ჩვენი სტრატეგია ნაადრევმა გოლმა დაგვინგრია. როდესაც მეორე ტაიმის დასაწყისში გოლს უშვებ, ეს ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მარჯვენა მცველის პრობლემაც გვქონდა. ძალაინ დაგვაკლდნენ ადემი და სტეფან რისტოვსკი. თუმცა ის რეიტინგი, რომელსაც ამ ბოლო წლებში ვაგროვებდით, ასე იოლად არ უნდა დავკარგოთ. საქართველოს მსგავს მოწინააღმდეგეებთან არ უნდა წავაგოთ, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყვნენ ისინი.
ჩემი აზრით, ეს მატჩი ეს ყველა ნაკრებისთვის გაკვეთილად უნდად გახდეს, გუნდმა დაცვაში როგორ არ უნდა ითამაშოს. ველოდები, რომ მწვრთნელი მილევსკი თავის თანამოაზრეებთან ერთად ზუსტ ანალიზს ჩაატარებს და მომავალ მატჩებში გუნდს ისევ მოგების გზას დაუბრუნებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც ამ ბიჭებმა აქამდე გააკეთეს, ამიტომაც ნაკრების წევრებს ვეუბნები – ყოველთვის ფხიზლად იყავით“ – ამბობს ბეკირი.