ეს არ არის კონფერენცია - დემოკრატიის ლაბორატორია აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს
ეს არ არის კონფერენცია, – ამ სახელწოდების ახალ პროექტს დემოკრატიის ლაბორატორია, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ახალგაზრდების მედიაწიგნიერებისთვის იწყებს.
სად გავარჩიოთ ტყუილ-მართალი? როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევებს? ამ კითხვებზე საპასუხოდ 20-21 ნოემბერს სამოქალაქო და საჯარო სექტორის, განათლებისა და მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები და მკვლევარები ტექნოპარკში, კონფერენციაზე შეიკრიბებიან.
კონფერენციის პირველი დღე მედია წიგნიერების, fake news-ის და პროპაგანდის კუთხით საქართველოში და მსოფლიოში არსებული გამოწვევებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლის არსებული პრაქტიკას და გამოცდილებას დაეთმობა.
მეორე დღეს სხვადასხვა გამოცდილების, ცოდნის, უნარებისა და ხედვის მქონე პროფესიონალების სამუშაო ჯგუფი ახალი იდეებისა და გადაწყვეტების გენერირებისთვის შეიკრიბება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორი, მედია და კომუნიკაციის სპეციალისტები, კრეატიული ინდუსტრიის და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ე.წ. ინფლუენსერები და მკვლევარები, ლექტორები და სტუდენტები გააერთიანებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი, პრაქტიკული და ქმედითი ციფრული პლატფორმა, რომელიც საქართველოში, და წარმატების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთ ახალგაზრდებში მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესების ინსტრუმენტი გახდება.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველგან ინფორმაციაა, მაგრამ ყველა ინფორმაცია არ არის ინფორმაცია. სადაც ათასობით მედიაა, მაგრამ ყველა მედია არ არის მედია. სადაც თითოეული ჩვენგანი ინფორმაციის მომხმარებელია, მაგრამ არ არის მხოლოდ მომხმარებელი. სადაც ყველას შეუძლია იყოს ინფორმაციის წყაროც, მედიაც და მომხმარებელიც ერთდროულად. კონფერენცია, სახელწოდებით – „ეს არ არის კონფერენცია“ ორწლიანი პროექტის ნაწილია, რომელსაც დემოკრატიის ლაბორატორია საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, Digital Communication Network-თან და Forset-თან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში აამაღლოს მედია წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების დონე, კერძოდ, დააფიქროს იმაზე, რომ ყველაფერი რაც ტრადიციულ, ონლაინ თუ სოციალური მედიაში ვრცელდება, სიმართლე არ არის და share ღილაკზე თითის დაჭერა პასუხისმგებლობაა”,- აცხადებენ ორგანიზატორები.
კონფერენციის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე http://demlab.ge/nonconference/index.html.