„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს
ცესკო-მ შეასრულა „ქართული ოცნების“ ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვება არის ოპოზიციის მხარეს.
„მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციური ველზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ის გამარჯვება, რომელიც დღეს მოიპოვა ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთეულ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ხალხმა. ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. შევხვდით ჩვენს პროევროპელ მომავალ კოალიციურ პარტიებს და დარწმუნებული ვარ, შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური“, – განაცხადა ბოკუჩავამ.