საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციით იმ არაფორმალური წინაპირობების არსებობა დადასტურდა, რომელთა დაკავშირებითაც მოძრაობის შექმნის დღიდან, ყველა საჯარო განცხადებაში აღნიშნავდნენ.
როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისთვის, სწორედ აღნიშნული პირობების უსიტყვოდ შესრულებაა აუცილებელი, ხოლო მნიშვნელობა საერთოდ არ ენიჭება სხვა ობიექტურ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვით საქართველო არათუ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ბევრ წევრ სახელმწიფოსაც კი უსწრებს.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შესახებ მიღებული უკიდურესად უსამართლო, არაობიექტური, არამეგობრული რეზოლუცია ყველაზე მეტად სწორედ ევროპარლამენტს და მთლიანად ევროკავშირს აზიანებს. ეს არის ევრობიუროკრატიის პოლიტიკური, ღირებულებითი და მორალური დეგრადაციის ნათელი გამოხატულება. მართალია, ამ ეტაპზე შედეგზე გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ მაინც იმედისმომცემი იყო რამდენიმე მემარჯვენე ევროპარლამენტარის მიერ ხმამაღლა ნათქვამი სიმართლე და მოწოდებები საკუთარი კოლეგების მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსადმი უსამართლო დამოკიდებულება უკვე ჩვეულ პრაქტიკად იქცა, განსაკუთრებულ გაკვირვებას და შეშფოთებას იწვევს უკანასკნელი რეზოლუციის შინაარსი. დოკუმენტის ტექსტში უკვე მერამდენედაა მოთხოვნილი სააკაშვილის გათავისუფლება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ერთი მხრივ, სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული აქვს, რომ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ევროსასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მის მიმართ პატიმრობის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა უცოდინარობასთან, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევ ნაბიჯთან, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის და კანონის უზენაესობის პრინციპის ხელყოფას ისახავს მიზნად. ცინიზმი და პოლიტიკური ფარისევლობაა, როდესაც რეზოლუციაში ადამიანის უფლებებზე კეთდება აქცენტები, საუბარია „დემოკრატიის უკუსვლაზე“ და იქვე ფიქსირდება მოწოდება სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რომელიც მათივე სასამართლოს მიერ არის მხილებული ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში. სააკაშვილმა შექმნა რეჟიმი, რომელიც საკუთარი არსით იყო ყველაზე ანტიდემოკრატიული, მაგრამ აშშ-ის მმართველი ძალების ინტერესების უპირობო მსახურების ფასად, მას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ.
როგორც არაერთხელ გვითქვამს, ევრობიუროკრატიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობა და კანონის დონეზე გამყარება, შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტში მოგვიწოდებენ უარი ვთქვათ ახლახან მიღებულ კანონზე, რომელიც მხოლოდ აგრესიული ლგბტ-პროპაგანდისგან მოზარდების დაცვას ისახავს მიზნად და არცერთი კუთხით არ ზღუდავს ადამიანის უფლებებს, რომელ უმცირესობასაც უნდა მიაკუთვნებდეს ვინმე თავს.
კიდევ ერთი პუნქტი, რაზეც გვსურს, გავამახვილოთ ყურადღება, არის ღია მოწოდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. დღეს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წელი და 8 თვეა გასული, მეინსტრიმული მედიაც კი ვეღარ მალავს, რომ სანქციები არაეფექტიანი და კონტრპროდუქტიულიც კი გამოდგა. დღეს ევროკავშირის ეკონომიკა სტაგნაციაშია. ევროპის მოქალაქეთა ცხოვრება გაძვირებულია, ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების გამო იხურება მსხვილი საწარმოები და რეცესიაშია ისეთი მძლავრი ქვეყნების ეკონომიკაც კი, როგორიც გერმანიაა. 2024 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.2%-იანი შემცირებით დაასრულებს. ეს იმ ფონზე, როდესაც სანქციების ადრესატი −რუსეთის ეკონომიკა 3.6%-იან ზრდას აღწევს. რთული მისახვედრი არ არის, რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს მას, ვინც ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მოუწოდებს დაუწესოს სანქციები რუსეთს. მოსალოდნელი შედეგები ციფრებში ასე გამოიყურება: მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-იანი ზრდის ნაცვლად, ქვეყანა 11%-იან ვარდნას მიიღებდა; ეკონომიკა 14.5 მილიარდი ლარით შემცირდებოდა; პურისა და ფქვილის ფასი 19%-ით გაძვირდებოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების პარალელურად, ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის მრავალი მიმართულებით ვაჭრობა დღემდე არ შეწყვეტილა, ასევე ცნობილია უამრავი ფაქტი ევრობიუროკრატიის წარმომადგენელთა ან მათი ოჯახის წევრების რუსეთთან ფინანსურ-ეკონომიკური კავშირების შესახებ.
შეუძლებელია, ამდენ უსამართლობას ერთ განცხადებაში სრულყოფილად გაეცეს პასუხი. ამიტომ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ რომ განვმარტოთ, რეზოლუცია საქართველოსგან ითხოვს − ქველმოქმედის დასჯას; სისხლიანი დამნაშავის გათავისუფლებას; ლგბტ-პროპაგანდის დაკანონებას; ტრადიციული ღირებულებების უარყოფას; სუვერენიტეტის დათმობას; ეკონომიკური სუიციდის ჩადენას. უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ ასე გამოიყურება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხოლოდ მოჩვენებითი დაწინაურების წინაპირობები, ეს არის ფასი, რის გადახდასაც ჩვენგან ითხოვენ.
დაბოლოს, ევროპარლამენტის რეზოლუცია შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ოპოზიციის ერთგვარი საარჩევნო პროგრამა, რადგან ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შემთხვევაში თითოეული პუნქტი განხორციელდება, რაც ქართული სახელმწიფოს არსებობას რეალურ საფრთხეს შეუქმნის“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.