საქართველო უნდა დავიხსნათ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობა, – ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს დაწინაურება ოთხ პირობაზე გადის.
„საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებიდან დღემდე არაერთი განცხადება გავავრცელეთ, სადაც ნათლად განვუმარტეთ საზოგადოებას, რომ დღევანდელ რეალობაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოჩვენებითი დაწინაურება ოთხ ძირითად პირობაზე გადის. ესენია: ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა და, შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელისა და ვაშინგტონის სასარგებლოდ; ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა და მისი გამაგრება საკანონმდებლო დონეზე; მიგრანტების უკონტროლო მიღება, ძალდატანებით მათი ინტეგრირება ეთნიკურ საზოგადოებაში, რაც პირდაპირ ქმნის ერების იდენტობის გაქრობის საფრთხეს; დაბოლოს, დამორჩილებული, დამონებული მედია, რომლის დახმარებითაც საკუთარი მიზნების მისაღწევად საზოგადოების ტვინების გამორეცხვას აწარმოებენ. აღნიშნული ოთხი სავალდებულო დათქმაა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა – აქამდე საჯაროდ დეკლარირებული ფასეულობები: დემოკრატია; ადამიანის უფლებები; კანონის უზენაესობა; სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული და გამჭვირვალე ფუნქციონირება; კორუფციის დამარცხება და ა.შ. მათ შორის არსებობს პირდაპირი ურთიერთკავშირი და ევრობიუროკრატიისთვის თითოეულს თანაბრად მაღალი მნიშვნელობა ენიჭება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს.
როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია საქართველოს სვლა ლიბერალური დოქტრინის საწინააღმდეგოდ და უარი ლგბტ იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე“.
„ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებამ, რომელშიც ევროკავშირის სახელით გმობს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სრული ფარსია საუბარი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა თუ ევროატლანტიკური ტრაექტორიიდან გადახვევაზე, ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია საქართველოს სვლა ლიბერალური დოქტრინის საწინააღმდეგოდ და უარი ლგბტ იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე. ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სრულად ექვემდებარება აშშ-ის რეალურ მმართველ ძალებს, რომელთა გლობალური მიზნებისთვის ლგბტ იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პირობითი ბრიუსელის მხრიდან ანალოგიური შეტევა მოხდა უნგრეთის მისამართით, როდესაც ვიქტორ ორბანის პარტიამ მიიღო კანონი „ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელიც თავისი სულისკვეთებით ჰგავს საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მეორე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. მაშინ ბუდაპეშტი სადამსჯელო ღონისძიებების ადრესატიც კი გახდა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ცალკეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ინტერესები, ტრადიციული ღირებულებები, სარწმუნოება და მომავალი თაობები.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მიერ პრიორიტეტად ქცეული გაუკუღმართებული ფსევდოღირებულებები ეწინააღმდეგება არა მარტო მართლმადიდებლობას, არამედ ყველა სხვა ტრადიციულ რელიგიებს – ეს იმ მკვეთრად ნეგატიურ შეფასებებშიც გამოჩნდა, რაც სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირებისგან მოჰყვა პარიზის ოლიმპიადის გახსნის „ვოუკ“ (woke) ცერემონიას. პიტერ სტანოს არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი ტონი მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი ყველაზე მძაფრად რეაგირებს საქართველოში ლგბტ იდეოლოგიის მარცხზე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სწორედ ეს არის იმ უთანასწორო დამოკიდებულების საფუძველი, რაც არაერთხელ გამოჩნდა, როდესაც ყველა ობიექტური კრიტერიუმით წინ მდგარი საქართველო დაიჩაგრა, ხოლო უკრაინა და მოლდოვა დაწინაურდნენ. უმძიმეს ომში მყოფ უკრაინაში იმისათვის იცლიან, რომ დაბომბილ ქალაქებში ლგბტპრაიდები ჩაატარონ. იგივე ხდება დსთ-ის წევრ მოლდოვაში, სადაც პრაიდები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს კი იმის დასტურია, რომ ყველა სხვა ობიექტური კრიტერიუმი აზრს კარგავს, თუ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის დაკანონება ხდება. ჩვენს მოძრაობას, ასევე ხელისუფლებას და საზოგადოების წარმომადგენლებს ხშირად სდებენ ბრალს ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივებაში, რეალურად კი, სწორედ პიტერ სტანოს უკანასკნელი განცხადებაა ის, რაც ქართველ ხალხში ევროსკეპტიციზმს გააძლიერებს, რადგან სტანო, მთლიანად გაერთიანების სახელით, აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობაზე გადის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო უნდა დავიხსნათ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი გრძელვადიანი სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობა“, – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.