„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - სამშვიდობო ინიციატივებისთვის ორბანს ემუქრებიან, რთული წარმოსადგენი არ არის, რა მდგომარეობაში იქნება ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის გამო
საქართველომ თავი უნდა დააღწიოს დასავლეთის შანტაჟის პოლიტიკას, უნდა გათავისუფლდეს თავს მოხვეული პროპაგანდისგან, რომ თითქოს ერთადერთი ხსნა რომელიმე ალიანსის ან კავშირის წევრობაა, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს უკეთესი ალტერნატივა, რომელიც ქვეყნის ნეიტრალურ პოზიციაში ჩაყენებას და ყველა ქვეყანასთან თანასწორ მეგობრობას გულისხმობს.
„ბოლო პერიოდში დღე არ გავა ისე, რომ ევროკავშირიდან რაიმე სკანდალური, კრიმინალური ინფორმაცია არ გავიგოთ ან ისეთი ფაქტი არ მოხდეს, რომ ამ გაერთიანების მიმართ არსებული სკეპტიციზმი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი გააუქმა, ასევე აუკრძალა მათ ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში მონაწილეობა, ბოიკოტი გამოუცხადა, უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას. ლიეტუვის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდა (სავარუდოდ, ლიეტუვას ესტონეთი და ლატვიაც აუბამენ მხარს). ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა პირდაპირ განაცხადა, რომ განიხილება უნგრეთისგან ევროკავშირის თავმჯდომარეობის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის საკითხი.
ქართულ საზოგადოებას ლანდსბერგისის სახელი და გვარი ბევრად მეტს ეუბნება, რამეთუ სწორედ ლანდსბერგისი უდგას სათავეში ანტიქართულ კამპანიას და ის რადიკალური ოპოზიციის პირდაპირი მოკავშირეა.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, ვიქტორ ორბანზე ასეთი ორკესტრირებული და ორგანიზებული შეტევა გასაკვირია იმ ფონზეც კი, თუ რა მოცემულობაშია, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ევროკავშირი. უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ დეგრადირებულ კავშირს ამერიკის რეალური მმართველი ძალები აკონტროლებენ და არავის პატიობენ მათი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წასვლას. ევროკავშირის მართული მარიონეტი ლიდერები, მათი პატრონების კარნახით, უკვე ფორმალურადაც აღარ იცავენ კავშირის წესებსა და კანონებს (რაც არ ჯდება დემოკრატიის ჩარჩოში). ერთ დროს თანასწორობაზე, ქრისტიანულ ღირებულებებსა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე დაფუძნებული კავშირი ისე გადაგვარდა, რომ თავიდან ბოლომდე დაემსგავსა საბჭოთა დიქტატურას, სადაც ყოველგვარი განსხვავებული პოზიცია მიუღებელია.
სწორედ ამის ნათელი მაგალითია ზღვარგადასული შეტევა ვიქტორ ორბანზე. მიზეზი კი ბევრად უფრო გამაოგნებელია. როგორც საზოგადოებისათვისაა ცნობილი, უნგრეთის პრემიერმა, მას შემდეგ რაც მისი ქვეყანა ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა, ამ მანდატით სამშვიდობო მოლაპარაკებები აქტიურად დაიწყო, შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, შეიმუშავა ომის დასრულების დოკუმენტი და მაგიდაზე დაუდო როგორც უკრაინის პრეზიდენტს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელ პირებს. ორბანის სამშვიდობო ინიციატივამ ოკეანის გაღმა იმდენად მძაფრი რეაქცია გამოიწვია, რომ მათ მიერ მართული ევროპელი ლიდერების ხელით მისი დევნა და შევიწროება დაიწყო. ევროკავშირში უნგრეთის პრემიერს დასჯით ემუქრებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინაში ომის, ადამიანთა მკვლელობის, ქალაქების განადგურების დასრულების ინიციატივით გამოვიდა და მხარეებთან მოლაპარაკებები დაიწყო.
ფაქტია, ევროკავშირს და მის რეალურ მმართველებს აშშ-ის ადმინისტრაციაში ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო ყელში ჰყავთ გაჩხერილი. ისიც ცხადია, რომ მათ გასანეიტრალებლად ყველა მეთოდს იყენებენ, დაწყებული პოლიტიკური შანტაჟით, დამთავრებული იარაღის გასროლით. ახლა წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ზეწოლა მიმდინარეობს დღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაზე. როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მმართველებს ასე ექცევიან, ადვილი წარმოსადგენია, რა ხდება კულისებში საქართველოს მიმართ, თუ რა სახის მზაკვრული გეგმების შემუშავება ხდება, რომლის აღსრულებასაც თავიანთი უსამშობლო აგენტურის მეშვეობით საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში შეეცდებიან. როდესაც ომის დასრულების და სამშვიდობო ინიციატივების გამო ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის და ომის არდაწყების გამო, რთული წარმოსადგენი ნამდვილად არ არის. როდესაც საქართველოში პოლიტიკოსები გლობალური ომის პარტიაზე საუბრობენ და კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, ეს კონკრეტიკა რეალურად ხელისგულზე დევს. გლობალურ ომის პარტიას წარმოადგენს ყველა ის ევროპელი მაღალჩინოსანი, რომელიც ორბანს სამშვიდობო ინიციატივების გამო სჯის და ემუქრება.
საქართველომ თავი უნდა დააღწიოს ამ შანტაჟის პოლიტიკას, უნდა გავთავისუფლდეთ იმ თავს მოხვეული პროპაგანდისგან, რომ თითქოს ერთადერთი ხსნა რომელიმე ალიანსის ან კავშირის წევრობაა.
საბედნიეროდ, გვაქვს უკეთესი ალტერნატივა, რაც ჩვენი ქვეყნის ნეიტრალურ პოზიციაში ჩაყენება და ყველა ქვეყანასთან თანასწორი მეგობრობაა“, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.