„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - ევროკავშირში გაწევრიანება სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის, ომში ჩართვა, ლგბტპროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა
ევროინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვა იყო შეცდომა, რომელიც, ჩვენ გარდა, უკრაინასაც დააშვებინეს, რითიც, ფაქტობრივად, მოგვისპეს ყოველგვარი ალტერნატიული გზის მოძებნის საშუალება და მოგვაქციეს ჩარჩოში, საიდან გასვლაც მკაცრად აგვიკრძალეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, დღეის მდგომარეობით, საჭიროა ომში ჩართვა, ლგბტპროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენტიტეტის წინასწარ დათმობა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობებში რეალურ კრიტერიუმებს და არა – რეკომენდაციები.
„დღევანდელ რეალობაში ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ თავში აღნიშნული სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის: ომში ჩართვა; ლგბტპროპაგანდის მხარდაჭერა და გაერთიანების წევრობამდე, სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების სასარგებლოდ. ამ მხრივ, გაოცებას იწვევს თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წუხილი საქართველოს ევროკავშირიდან თითქოსდა დისტანცირების შესახებ. ამ დამოკიდებულებიდან კარგად ჩანს, რომ, ევროკავშირის ნაცვლად, გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება. სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობებში რეალურ კრიტერიუმებს და არა – ყბადაღებული ცხრა თუ 12-პუნქტიანი „რეკომენდაციები“. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიგვაჩნია ქვეყნის ეროვნული მიზნების მიღწევა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი კონსტიტუციურ დოგმად რჩება და აღნიშნული თემა კვლავ რელიგიის რანგში განიხილება“, – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.