„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია დღეს 30-მდე ადამიანმა დატოვა.
განცხადება ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ოფისში გააკეთა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ია ჯიშკარიანმა.
როგორც ია ჯიშკარიანმა აღნიშნა, პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია ხალხსა და პარტიის მენეჯმენტს შორის დაშორიშორება.
მისივე თქმით, პარტიაში ხელოვნურად შექმნეს კრიზისი მოსყიდვებით, ინტრიგებით და არაფორმალურ გავლენებს შეეწირა პარტიის ინტერესები.
პარტია დღეს დატოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 11-დან 10 წევრმა და ხობის ადგილობრივი ორგანიზაციის კიდევ 18 წევრმა. ფრაქციის ყოფილი წევრები საკრებულოს მანდატების დატოვებას არ აპირებენ.