„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის ბოლნისის პოლიციაში ადვოკატთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად მივიდა.
რამდენიმე საათით ადრე, ნახიდურში მის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს არიფ იუსუბოვმა წინააღმდეგობა გაუწია და არ გაყვა.
დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ სამართლებრივად ბრძოლას გააგრძელებენ.
„უსამართლობა გრძელდება. სრული განუკითხაობა ბოლნისში გრძელდება. ადამიანზე, რომელსაც სცემეს ექვსი დღის წინ, სასამართლომ გამოიტანა განჩინება, თურმე არის მოძალადე და ჯგუფურ ძალადობაში ედავებიან ახლა არიფ იუსუბოვს. თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება, თავად მოვიდეს პოლიციაში, რათა ცოტა დააწყნაროს სოფელი, ჩაბარდეს და დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა იყოს 48 საათის განმავლობაში“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.