ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან.

როგორც მერიაში აცხადებენ, ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების ხელშეწყობის მიზნით, რომლებსაც გამოცდების ჩაბარება, ან სხვადასხვა საჯარო სკოლებში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები:

1. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსი აბიტურიენტებს გლდანში არსებული N39, N173 და N177 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაიყვანს.

2. კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გავა, მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მიკრორაიონში არსებულ N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.

3. მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრაობას მე-3 მასივში არსებულ N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს.

4. მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს მეტრომშენის დასახლებაში არსებულ N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.

5. მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ავტობუსი დიღმის მასივში არსებული N147 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.