ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს იწყება. აპლიკანტებს პირველი გამოცდა დღეს ქართულ-ენასა და ლიტერატურაში აქვთ. აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება.
ცვლილებებია ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში (2 და 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.
„ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).
5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).
6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება“,- აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.
წელს გამოცდებს 39 000 აბიტურიენტი აბარებს. მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცდაზე საკუთარი კალმები გამოიყენონ.