საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებითა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.
„აქვე გაცნობებთ, რომ თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს“, – აღნიშნავს უწყება.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.
„სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინრეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი.