ერთი და ორთეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ერთი და ორი თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, ერთი და ორი თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის პირველი იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, 2019 წლის პირველი იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა. დამრგვალების მეთოდი გავრცელდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე, რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით არის შესაძლებელი.