ერთ-ერთი კომერციული ბანკის მესაკუთრე, აშშ-ის მოქალაქე საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის
საკონსტიტუციო სასამართლომ „ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.
მოსარჩელე ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 68-ე მუხლის იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა მას საერთო სასამართლოებში ასაჩივრებენ და მიმდინარეობს საქმის განხილვა.
„მოსარჩელე აშშ-ის მოქალაქეა, იგი ერთ-ერთი კომერციული ბანკის მესაკუთრეა, რომლის ლიკვიდაციის შესახებ განკარგულება ეროვნულმა ბანკმა გასული წლის ნოემბერში გამოსცა. აქტი გასაჩივრებულია საერთო სასამართლოში, თუმცა ეროვნული ბანკის განკარგულება ისევ ძალაშია, რაც ქმნის იმის რეალურ საფრთხეს, რომ საქმის მოგების შემთხვევაშიც, გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლებელია, დასრულდეს ბანკის ლიკვიდაციის პროცესი და მესაკუთრეს შეელახოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლება“-განაცხადა მოსარჩელის ინტერესების დამცველმა ანდრო კიკნაველიძემ.
ეროვნული ბანკის პოზიციით, კი მოქმედი რეგულაცია საერთაშორისო სტანდარტია.
„ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომლითაც ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკები ხელმძღვანელობენ. ეს არის ვალდებულება და გაწერილი დირექტივებში, რომლის იმპლემენტაცია საქართველომ 2018 წლამდე უნდა მოახდინოს. თუ ზედამხედველი ორგანო არ იქნება აღჭურვილი ამ უფლებით, ის ვერ იქნება ეფექტური პრობლემური საკითხების რეგულირების თვალსაზრისით“-ამბობს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი კალანდაძე.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.