ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფარული ჩანაწერის შენახვისთვის არის დაკავებული, თუმცა ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფარული ჩანაწერის შენახვისთვის არის დაკავებული, თუმცა ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ფარული ჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულ გ.გ-ს ბრალს დღეს გორის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ოფიციალურად წარუდგენენ.

როგორც პირველ არხს მისმა ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ საღამოს დააკავეს და გორში გადაიყვანეს.

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გ.გ.-ს ფარული ჩანაწერის უკანონო შენახვა ედება ბრალად, თუმცა მუხლი ბრალის წარდგენის შემდეგ დაზუსტდება.

„ოჯახისგან მიღებული ინფორმაციით, ვიცი, რომ ის საღამოს საათებში სამსახურთან დააკავეს, ბრალდებულს ჯერ არ შევხვედრილვარ. გ.გ. ფარული ჩანაწერის შენახვისთვის არის დაკავებული, თუმცა ოფიციალურად ჯერ ბრალი არ ვიცი. უახლოეს ხანში მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ და უკვე გადმოგვეცემა საქმის მასალები“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც კახა ხვისტანმა აღნიშნა, გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში თავისი დაცვის ქვეშ მყოფს უახლოეს პერიოდში შეხვდება.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.