ეროვნულმა ბანკმა უკრაინის ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად მდგრადი დაფინანსების შესახებ ღონისძიებას უმასპინძლა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და IFC-ის მიერ მხარდაჭერილ მდგრად საბანკო ქსელთან თანამშრომლობით უკრაინის ეროვნულ ბანკთან ცოდნის გაზიარების ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაში ცენტრალური ბანკების როლის განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.
„ეროვნული ბანკი მდგრად საბანკო ქსელში 2017 წლის სექტემბერში გაწევრიანდა და მას შემდეგ მდგრადი დაფინანსების სხვადასხვა პროექტების ფარგლებში SBN-თან წარმატებით თანამშრომლობს. საქართველოს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაში უმთავრეს ნაბიჯს 2019 წლის აპრილში IFC-თან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის გამოქვეყნება წარმოადგენდა. IFC-თან თანამშრომლობით ასევე განხორციელდა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში. ამჟამად, ეროვნული ბანკი SBN/IFC-თან ერთად საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის შემუშავებაზე მუშაობს. აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრება მწვანე, სოციალური და მდგრადი პროექტები, აქტივები და სექტორები, რაც საქართველოში მდგრადი ინვესტიციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
ღონისძიება საქართველოს და უკრაინის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებსა და IFC-ის რეგიონალურ (ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა) მენეჯერ, ჯეისონ პელმარს, შორის დიალოგით დაიწყო. საუბარი მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობას და ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლს შეეხო, კერძოდ, კი ფინანსური სექტორის მხარდაჭერას EშG რისკების მართვასა და ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში. ამასთან, ხაზი გაესვა თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას.
“ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების პროცესში, IFC-ის მხარდაჭერამ და SBN-ის სხვა წევრებთან ცოდნის გაზიარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შესაბამისად, ჩვენც გვსურს SBN-ის სხვა წევრებს დავეხმაროთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ მათ, ვინც მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
„უკრაინის ეროვნული ბანკი მდგრადი ფინანსური ბაზრების მშენებლობის გლობალურ პროცესს ახლა უერთდება. მწვანე ინვესტიციები და ასევე, ისეთი ახალი ფინანსური პროდუქტების განვითარება, რომლებსაც დადებითი გავლენა აქვთ კლიმატზე, ქვეყნების პრიორიტეტი ხდება. ჩვენც ვუერთდებით გლობალურ ტენდენციებს. მდგრადი საბანკო ქსელის წევრებთან თანამშრომლობა უკრაინაში „მწვანე დაფინანსების“ განვითარების გზამკვლევის შემუშავებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კირილო შევჩენკომ.
ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩო წარმოადგინა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ღონისძიება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების პროცესის, მასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვით დასრულდა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.