ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 30%-დან 25%-მდე შეამცირა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის 30%-დან 25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ კომერციულ ბანკებს, დაახლოებთ, 700 მილიონი დოლარი გამოუთავისუფლებდა, რომელიც შეიძლება ბაზარს მიაწოდონ და ამ გადაწყვეტილებით დოლარზე მოთხოვნა გარკვეულწილად დააბალანსონ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კურსის დასტაბილურებისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის შეჩერების მიმართულებით.
იმისთვის, რომ მომავალშიც ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხის შემცირებას, მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ, ამავე დროს უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის რესურსის გაცემას შეძლებენ ბანკები სესხების სახით. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხი შემცირდება “, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებდა, ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე, პირიქით, დარეზერვების მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აპრილში აღნიშნული კოეფიციენტი 25%-და 28%-მდე გაიზარდა, ხოლო მაისში 30 %-მდე.