ეროვნულმა ბანკმა სააქციო საზოგადოება „ჰეშზე“ ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, „ჰეშზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.
სააქციო საზოგადოება „ჰეშის“ ბიზნესმიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს, განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება, ძირითადად, ელექტრონული არხებით. ბანკი მიზნად ისახავს, ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.
საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესმოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნესმოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.
სს „ჰეში“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის მანძილზე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.
თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, შესაძლოა, შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.