ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 60 მილიონი დოლარიდან 48 500 000 აშშ დოლარი გაყიდა
2024 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 60 მლნ. აშშ დოლარიდან აუქციონზე გაიყიდა 48 500 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7194 შეადგინა.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობისა და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი პერიოდულად მიმართავს სავალუტო ინტერვენციებს.
„ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემის გამო. არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. აქვე განვმარტავთ, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები კი მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი ტიპის მერყეობები მოკლევადიანია. მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია – ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს“, – განმარტავენ მარეგულირებელში.