ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა [ფოტო]
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.
მონეტები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, ასევე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კობა გვენეტაძემ ღონისძიებაზე მორაგბე მამუკა გორგოძეს საჩუქრად ოქროს საკოლექციო მონეტა, ხოლო ნაკრების ყველა წევრს ვერცხლის მონეტები გადასცა.
მონეტების გამოშვება 2019 წლის შემოდგომაზე რაგბის მეცხრე მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს მონაწილეობას ეძღვნება.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას ბურთით ხელში მორაგბე წარმოადგენს, რევერსზე კი, გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის, ლელობურთის საწყისი მომენტი – ჰაერში ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა.
ახალი საკოლექციო მონეტები გაყიდვა ხვალიდან, 29 აგვისტოდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის მეშვეობით.