ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11.0 პროცენტზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 14 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.
„ინფლაციური წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ბრენტის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 9.0 პროცენტით, ხოლო აგვისტოში – 1.9 პროცენტით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა და ინფლაციის დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამასთან, სებ-ში აღნიშნავენ, რომ აგვისტოში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ, წინა თვის მსგავსად, შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და 10.9 პროცენტი შეადგინა.
„ინფლაციის კლების ნიშნები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მთლიანობაში, ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა და წინა წელთან შედარებით გამყარებული ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება. თუმცა, მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. ამასთან, თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
რაც შეეხება ეკონომიკურ აქტივობას, სებ-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა.
„ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა ძლიერია შიდა მოთხოვნაც, რაც ინფლაციის უფრო სწრაფ შემცირებას აფერხებს. შიდა მოთხოვნის სიძლიერის ხელშემწყობია დაკრედიტების შედარებით მაღალი ზრდის ტემპი, რისი ძირითადი მიზეზი სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხებია, რომელთა შენელებაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ნაკლები გავლენა აქვს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებიც აამოქმედა, რაც სესხების ზრდის ტემპს უკვე დაეტყო და ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება. ასევე, მოსალოდნელია, რომ წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის განხორციელებულ და დაანონსებულ გამკაცრებას, საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. ამავდროულად, აშშ დოლარის მსგავსად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ევროთი მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვას ფიქსირებულად 0 პროცენტზე განსაზღვრავს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
სებ-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.