საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.
ბანკის ცნობით, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და პროგნოზების შესაბამისად, წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება.
“სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის ბოლომდე და საშუალოვადიან პერიოდშიც მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. ბოლო პერიოდებში გაზრდილია საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკები, რაც ნეგატიური მოლოდინების გააქტიურებასა და სავალუტო ბაზარზე მერყეობის ზრდას უწყობს ხელს. არსებული რისკების მიუხედავად, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან, მოსალოდნელზე დაბალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, შემცირებულია ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები. ეროვნული ბანკის შეფასებით, პოლიტიკის ნორმალიზაციის, ანუ გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ნორმალიზაციის სიჩქარე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო, მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება რეგიონში გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემა. ბოლო პერიოდში გაზრდილი მერყეობის მიუხედავად, საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციები გრძელდება. თუმცა, საგარეო მოთხოვნის ზრდის ტემპში გარკვეული შენელება შეინიშნება. საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ მესამე კვარტალში 21 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 12 პროცენტით გაიზარდა. ასევე, ნარჩუნდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკა (წლიური ზრდა 12 პროცენტი). ამავდროულად, სახეზეა იმპორტის ზრდის მაღალი ტემპიც (12 პროცენტი)”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 12 დეკემბერს გაიმართება.