ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 10.25 პროცენტამდე შეამცირა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.
მათივე ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი.
„კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასებს კლებადი ტენდენცია აქვს. საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ინფლაციის კლებას, ასევე, ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის 8.5 პროცენტს გაუტოლდა. წლის განმავლობაში მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი მის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.
პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. გარდა ამისა, შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კვლავ გასათვალისწინებელია. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება.
ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს და, წინა სხდომაზე უცვლელად დატოვების შემდეგ, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით ამცირებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.