ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება.
ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა ორთვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არც ერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
სებ-ის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
„საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. „თი-ბი-სი ბანკი“ ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული „თიბისი ბანკზე“.
„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც „თიბისი ბანკის“ შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. შესაბამისად, პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.