ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, SEPA-ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. სებ-ის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევრო გადახდების სივრცეში გაერთიანების განაცხადი შეიტანა.
„აპლიკაციის მომზადებისას ეროვნული ბანკის გუნდი, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობდა.
SEPA პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა. ის აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის და მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით და ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან ისინი“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მათივე განმარტებით, საქართველოს SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი რამდენიმე მიმართულებით იქნება: საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.
„2020 წლიდან SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში ჩართვა არა ევროკაშირისა და ევროზონის ქვეყნებისთვისაც გახდა შესაძლებელი, რისთვისაც აუცილებელია, რომ ქვეყანა აკმაყოფილებდეს ევროპული გადახდების საბჭოს (European Payment Council – EPC) კრიტერიუმებს, რომლებიც რამდენიმე თემატურ ქვეკატეგორიად არის წარმოდგენილი. კერძოდ, აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობა აქვს. ასევე, საგადახდო სფეროს და საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, კონკურენციისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა ფუნქციურად ევროკავშირის კანონმდებლობის ეკვივალენტურია. გარდა ამისა, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს ევროში ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა და გადარიცხვების მოცულობა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
სებ-ის განცხადებით, წევრობაზე განაცხადს ევროპული გადახდების საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებას ევროპულ კომისიასთან (European Commission) კონსულტაციით იღებს. ევროპული გადახდების საბჭო წელიწადში ოთხჯერ იკრიბება. მორიგი სხდომის გამართვის სავარაუდო პერიოდი მიმდინარე წლის ნოემბერია.