ეროვნულმა ბანკმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4-იდან 5 პროცენტამდე გაზარდა
ეროვნულმა ბანკმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4-იდან 5 პროცენტამდე გაზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
როგორც არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდა როგორ შეესაბამება პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას.
„ეკონომიკა თუ სწრაფად იზრდება, ვიდრე ეკონომიკის პოტენციალია, ეს მომავალში გამოიწვევს პრობლემებს ინფლაციაში და ამას მოყვება პრობლემები ეკომომიკური ზრდისათვის. ამიტომ ჩვენ ვუყურებთ პოტენციურ დონესთან როგორ იქნება. ჩვენი წინა, ოფიციალური პროგნოზი იყო ოთხი პროცენტი, მერე, დაახლოებით 2-3 კვირის წინ ჩვენ ვფიქრობდით, რომ 4.5 პროცენტამდე გავზრდიდით, მაგრამ პირველი კვარტლის მაჩვენებლები საკმაოდ ძლიერი იყო. დაკრედიტება ასევე 13-14 პროცენტის ფარგლებში გრძელდება, შესაბამისად, ამ ორი ფაქტორის კომბინაციამ მოგვცა ის, რომ ჩვენ გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და 5 პროცენტის ფარგლებში იქნება 2023 წლისთვის. ასევე, 2024 წლისთვის ჩვენ 5 პროცენტის ფარგლებშიც ველოდებით ეკონომიკურ ზრდას და ეს არის ეკონომიკის პოტენციურ დონესთან ახლოს. რაც შეეხება წლის განმავლობაში გადახედვას, იცით, რომ ჩვენ 8-ჯერ გვაქვს შეხვედრა, თუმცა ყოველი მეორე შეხვედრის დროს ეკონომიკურ პროგნოზებს განვიხილავთ და შესაბამისად, წლის განმავლობაში კიდევ არის შესაძლებელი, რომ ამ პროგნოზს გადავხედოთ“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.