ეროვნულმა არქივმა მუშაობა დისტანციურ რეჟიმში, გამარტივებული წესით განაახლა
ეროვნულმა არქივმა მუშაობა დისტანციურ რეჟიმში, გამარტივებული წესით განაახლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 7 აპრილიდან საქართველოს ეროვნული არქივი იწყებს ყველაზე მოთხოვნადი რვა სერვისის დისტანციურად გაცემას.

ეს სერვისებია:

1. დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
2. ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
3. განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
4. გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
5. კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
6. ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
7. კოოპერატივში გაწევრების შესახებ საარქივო ცნობა;
8. დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა.

საჭირო საარქივო მომსახურების მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია, განაცხადი გააგზავნოს ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე ([email protected]) ან განაცხადი გააკეთოს ეროვნული არქივის ცხელი ხაზის დახმარებით (214 05 05).

განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებული პირი მომზადებულ საარქივო ცნობას მიიღებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით.

საარქივო ცნობის დისტანციურად მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე ([email protected]) ან/და სოციალური ქსელების საშუალებით (Viber, Whats-App).

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ აქვს ინტერნეტკავშირზე წვდომა, მას შეუძლია, დამატებითი დოკუმენტები მოათავსოს უშუალოდ ეროვნული არქივის (ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი არქივების) ოფისებში განთავსებულ სპეციალურ საფოსტო ყუთებში.

დამატებითი დოკუმენტებია:

მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
მომსახურების საფასურის გადახდის შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მინდობილობა;
უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში − პასპორტის ასლი.
მომსახურების საფასურის შეღავათით შემდეგი მოქალაქეები სარგებლობენ:

თუ საარქივო ცნობა უშუალოდ მათ ეხება, მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან:

− შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
− მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
− სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან
გათანაბრებული პირები;
− საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან
გათანაბრებული პირები;
− იძულებით გადაადგილებული პირები;
− სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.

თუ საარქივო ცნობა უშუალოდ მათ ეხება, საფასურის 50%-ის გადახდის შეღავათით სარგებლობენ:

− მოსწავლეები;
− სტუდენტები;
− პენსიონერები.

სამინისტროც ცნობითვე, უკვე 10 აპრილიდან მოქალაქეები დისტანციური რეჟიმში ეროვნული არქივის სხვა სერვისების მიღებასაც შეძლებენ.