ეროვნულმა არქივმა კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის კინოკადრების მაღალი ხარისხის ელექტრონული ასლი შექმნა
რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის ახალაღმოჩენილი კინოკადრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 4K გარჩევადობის სკანერით გაციფრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
„სტუდია „მემატიანეს“ საცავში თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლის დაკრძალვის კინოფირი რამდენიმე კვირის წინ აქამდე გაუშიფრავ მასალაში აღმოჩნდა. სტუდიამ ახალაღმოჩენილი კადრების ელექტრონული ვერსია ეროვნულ არქივს გადასცა და იგი მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, უახლოეს მომავალში ეროვნულ არქივში კინოკადრების ციფრული რესტავრაცია იგეგმება.
კოტე მარჯანიშვილი 1933 წლის 17 აპრილს რუსეთში, მოსკოვში გარდაიცვალა. მისი ფერფლი საქართველოში ჩამოასვენეს და 1933 წლის 29 აპრილს ოპერის თეატრის ეზოში დაკრძალეს.
საკუთარი თეატრიდან კოტე მარჯანიშვილის გამოსვენებასა და დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები: ალექსანდრე წუწუნავა, ნიკოლოზ შენგელაია, ვასო გოძიაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, დოდო ანთაძე, ცეცილია წუწუნავა, ლადო გუდიაშვილი, ლეო ესაკია, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე და სხვები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.