ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის თანაშემწე ჩინეთის საგარეო ურთიერთობათა კომისიის მდივანთან მოლაპარაკებებს გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის მდივანი იან იეჩი მიმდინარე კვირას შვეიცარიაში მოლაპარაკებებს გამართავენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო South China Morning Post ავრცელებს.
„ეს შესაძლოა, ჩაითვალოს შეხვედრად, რომელზეც მხარეები ეცდებიან საკომუნიკაციო არხების აღდგენასა და ქვეყნების ლიდერებს შორის კონსენსუსის მიღწევას“, – წერს სააგენტო.
ოფიციალურ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ნეგატიურია, მათ შორისაა სამხრეთ ჩინეთის ზღვის, ჰონგ კონგის, კორონავირუსის წარმოშობის და სხვა თემები. ჩინური მხარე აგრეთვე უარყოფითად აღიქვამს ამერიკის მიერ ტაივანისთვის გაწეულ დახმარებასაც.