ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი პეკინში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი პეკინში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. „როიტერის“ ცნობით, ჯო ბაიდენს 5 ნოემბრის არჩევნების წინ ჩინეთთან დაძაბულობის შემცირება სურს.
ჯეიკ სალივანი 27-29 აგვისტოს განმავლობაში ჩინელ მაღალჩინოსნებს შეხვდება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვონ ის. ბაიდენს ასევე სურს მოლაპარაკებების გაფართოება სამხედრო სფეროში, რითიც ვაშინგტონი იმედოვნებს კონფლიქტის პრევენციას ისეთ საკითხში, როგორიცაა ტაივანის სრუტე.
დღის წესრიგში ასევე დგას ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მიღწევა და ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილის“ წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, აშშ-ს სურს, ჩინეთმა მიიღოს პრევენციული ზომები ისეთი ქიმიკატების შემუშავებისას, რომლებიც შემდგომ ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილის“ დასამზადებლად გამოიყენება.
„როიტერის“ ცნობით, სალივანთან მოლაპარაკებების დროს პეკინი აპირებს, უკმაყოფილება გამოხატოს სამრეწველო პროდუქტებზე ამერიკის მიერ დაწესებულ ტარიფებსა და ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მიკროჩიპების მწარმოებლების წინააღმდეგ და ასევე გამოთქვას პრეტენზიები ტაივანთან დაკავშირებით.
ქვეყნებს განსხვავებული ხედვა აქვთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ღაზის ომთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. შეხვედრაზე ასევე, შესაძლოა, წამოაყენონ ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის პირისპირ შეხვედრის საკითხიც, რომელიც, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, პერუში ან ბრაზილიაში შეიძლება გაიმართოს, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი და დიდი ოცეულის სამიტია დაგეგმილი.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის დონეზე პეკინში ახლანდელი ვიზიტი 2016 წლის შემდეგ პირველი იქნება.