ეროვნულ უმცირესობათა ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას უჭერენ მხარს
საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა 50 ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მასში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული უმცირესობები.
„ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევის საკითხი.
აღნიშნულ სფეროში დაგროვილი გამოწვევების გადასაწყვეტად აუცილებელია მრავალი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, საიდანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის სრულფასოვანი ინფორმირების პრობლემატიკა – ერთი მხრივ, ეროვნული უმცირესობები უნდა ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უმრავლესობას რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების კულტურის, ტრადიციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.
საქართველოს ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარს ვუჭერთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ მისი წარმატებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში ეროვნული უმცირესობების უშუალო ჩართვა და მონაწილეობა.
სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეუძლია შეასრულოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მასში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული უმცირესობები.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებების დაცვისა და ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის ღირსეული და კვალიფიციური პიროვნება და ყველა ეთნოსის წარმომადგენლებს მის მიმართ აქვთ დიდი ნდობა. ქალბატონი იზაბელა ოსიპოვა მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროს და მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოში მისი მუშაობა დიდ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოს მრავალფეროვნების გაშუქების მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერთა შორის არიან საქართველოს აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, ქურთული, ასურული, რუსული, უკრაინული, იეზიდური, ქისტური, უდიური, გერმანული, პოლონური, ლიტვური და სხვა ეთნოსების 50 ორგანიზაციის ხელმძღვანელები.